მამუკა მდინარაძე - კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის დეპუტატებს, უფლება აქვთ, წარსულის პარტიას ელაპარაკონ, უბრალოდ ხალხი წარსულში არ დაბრუნდება
კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის დეპუტატებს, აქვთ იმის უფლება და საშუალება, რომ წარსულის პარტიას ელაპარაკონ, უბრალოდ ხალხი არ მიიღებს მათ ასეთ გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატ კახა ოქრიაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონსულტაციას.
მდინარაძის თქმით, კახა ოქრიაშვილის შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ელაპარაკოს, თუმცა ამით არჩენებში წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან ხალხი წარსულში არ დაბრუნდება.
„ახლა რომ გითხრათ, კახა ოქრიაშვილი ძალიან კარგად იქცევა-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ჩემი ყველაზე რბილი შეფასება იქნება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაბრუნდეს წარსულში. ეს მისი გადაწყვეტილებაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ელაპარაკოს „ნაცმოძრაობას“. როგორც ახლა ვიგებ, თურმე კახა ოქრიაშვილს და სხვა ადამიანებს ელაპარაკებიან, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. კონკრეტული საკითხების მიმართ მათი ანტაგონისტური დამოკიდებულება გამოჩნდა არა დღეს და გუშინ, არამედ თვეების წინაც. ეს ახალი არ არის, მაგრამ მათი საერთო მომავალი ვერ იქნება დაკავშირებული მაგალითად, საარჩევნო წარმატებასთან; ვერ იქნება დაკავშირებული გამარჯვებასთან იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ დაბრუნდება წარსულში. კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის დეპუტატებს, აქვთ იმის უფლება და საშუალება, რომ წარსულის პარტიას ელაპარაკონ, უბრალოდ ხალხი არ მიიღებს მათ ასეთ გადაწყვეტილებას და არჩევანი მათზეა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.