მამუკა მდინარაძე - კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება და კონგრესმენების პოზიცია დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელმაც პოზიტიური განცხადება გაავრცელა
მამუკა მდინარაძე - კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება და კონგრესმენების პოზიცია დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელმაც პოზიტიური განცხადება გაავრცელა

კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება და კონგრესმენების პოზიცია დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელმაც პოზიტიური განცხადება გაავრცელა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ინფორმაციიის ნაკლებობა არავის საქილიკო არ უნდა გახდეს, რადგან ყველამ კარგად იცის, გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები იყო.

„ვინც პარტიაში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ეს ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები აღარ არიან. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ძალიან პატივსაცემმა კოლეგამ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ჩვენი მისამართით. ეს კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება და მჯერა, რომ მათი პოზიცია დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელმაც ცოტა ხნის წინ ძალიან პოზიტიური განცხადება გაავრცელა. ჩვენ კომუნიკაციის გაუმჯობესებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ვაპირებთ – ვიდეო, აუდიო და ა.შ – ყველა მასალით, რაც სიმართლეში დაარწმუნებს იმ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოში დასავლურ განწყობებს. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, სახელმწიფო დეპარტამენტის აზრია უპირატესი თუ ოთხი კონგრესმენის.

„ყველას აზრი მნიშვნელოვანია. მაინც და მაინც იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აბსოლუტურად პოზიტიური განცხადება გაავრცელა და შემდეგ რომელიღაც კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანი არ არის – მე ასე არ მივუდგებოდი საკითხს. ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ასე არ საუბრობს. რა თქმა უნდა, თითოეული კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფეისბუქგვერდზე განთავსდა. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, ობიექტურად განიხილოს“.