ფარული ჩანაწერები და ოპოზიციის გეგმა

უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავებული პოლარიზაცია – უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების განახლებამდე ოპოზიცია და მესამე სექტორი მორიგი აქციისთვის ემზადება.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა შეკრებები 11 და 12 მაისს დაიგეგმა. მთავარი მოთხოვნა სადავო ინიციატივის უკან გაწვევაა. თუმცა უკვე ჟღერდება მოწოდებები ხელისუფლების შეცვლის და დროებითი მთავრობის დაკომპლექტებისკენ. ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე მოქმედება და ხელისუფლების მანამდე შეცვლა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილია. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: რა გეგმა და სტრატეგია აქვთ შემუშავებული საპროტესტო აქციების დროს ოპოზიციონერ აქტორებს, რომლებიც პროტესტის წინა ხაზზე ყოფნას ერიდებიან. აქციების გეგმას თან ერთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება. ხელისუფლებისთვის მიმდინარე გამოსვლები პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარია, რისთვისაც ახალგაზრდების გულწრფელ პროტესტს იყენებენ. ამ კონტექსტში განიხილება ბოლო დღეებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მონაწილეობით გავრცელებული ის ფარული ჩანაწერებიც, რომელთა ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.