მამუკა მდინარაძე - კომუნიკაციის ნაკლებობის ხარვეზი მალე აღმოიფხვრება, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჟრიამულს ნუ ატეხენ
პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის „ფრონტერასთან“ დაკავშირებული განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ფრონტერას“ ლობისტები და მათი მეგობრები კრიტიკული განცხადებების გაკეთებას გააგრძელებენ, ვიდრე „ფრონტერა“ პოლიტიკით სპეკულირებას არ შეწყვეტს.
„ყოველგვარი მორიდების გარეშე გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის საინტერესო არ არის „ფრონტერასთან“ დაკავშირებული განცხადებები. კიდევ უფრო ზუსტად გეტყვით, კომპანია „ფრონტერას“ ლობიზმიდან გამოწვეული განცხადებები, როგორც სხვა განცხადებები, რაც რამდენიმე დღის წინ იყო. ნამდვილად გვქონდა ინფორმაციული, გარკვეული კომუნიკაციური ხარვეზები და ამ საკითხებზე ვმუშაობთ. „ფრონტერას“ ლობისტები და მათი მეგობრები ყოველთვის კრიტიკულ განცხადებებს გააკეთებენ, ვიდრე „ფრონტერა“ პოლიტიკით სპეკულირებას გააგრძელებს. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში ქართულმა მხარემ მოინდომა, რომ საქმე განხილულიყო და ვიდრე სასამართლო არ დამთავრდება, რაღაც მინიშნებები, თითქოს კომპანიების ჩაგვრაზე, არის წმინდა სპეკულაცია. რაც შეეხება წინა დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, აქ ჩვენი პრობლემაც უნდა დავინახოთ, რომ გარკვეული ინფორმაციული, კომუნიკაციური ხარვეზები იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კომუნიკაციის ნაკლებობის ხარვეზი მალე აღმოიფხვრება.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ, მათ შორის კონგრესმენებთან, რომლებმაც კრიტიკული წერილები გამოაგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე. არ ვსაუბრობ, დღევანდელ და გუშინდელ განცხადებაზე, ვსაუბრობ კინზინგერის განცხადებაზე და ა.შ. ძალიან მალე მათი პოზიციები აბსოლუტურ თანხვედრაში მოვა ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციასთან, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა და ქართული დემოკრატიის შეფასება იყო აბსოლუტურად პოზიტიური. საქართველოს სახელმწიფოს ამერიკასთან ურთიერთობის დროს არანაირი ხარვეზი არ გააჩნია. იცით, რომ ქვეყნის მიმართ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან დამოკიდებულება ერთი პროცენტითაც არ შეცვლილა. რაც შეეხება პარტიულ კომუნიკაციას, ამ მიმართულებით პრობლემები იყო, რადგან იცით, რომ ვინც პარტიაში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ჩვენი წევრები აღარ არიან. ეს მიმართულება ჩაიბარეს გუნდის ახალმა წევრებმა, რომლებიც პარტიული მიმართულებითაც გააქტიურდებიან, მათ შორის იმ ცრუ ინფორმაციებზე, რომელზეც სამწუხაროდ, დაყრდნობილი იყო ზოგიერთი განცხადება არა მხოლოდ ამერიკელი მეგობრების, არამედ რამდენიმე ევროპელი კოლეგის. მაგალითად, თითქოს, ბიძინა ივანიშვილმა მუქარა განახორციელა ოპოზიციის მიმართ, რომ ყველას პასუხისგებაში მისცემს განსხვავებული აზრის გამო, რაც არასწორი ინფორმაციაა. თუ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით კრიტიკას მოვისმენთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კრიტიკა არარელევანტურია. ბიძინა ივანიშვილს მსგავსი რამ არ უთქვამს, ტყუილია. კომუნიკაციის ნაკლებობის ხარვეზი მალე აღმოიფხვრება და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ნუ გაიხარებენ და ჟრიამულს ნუ ატეხენ დროებითი, პატარა პრობლემის გამო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.