მამუკა მდინარაძე - კომუნიკაცია მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან, მისი რეკომენდაცია სხდომის შეწყვეტა იყო
ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო მძიმე შეცდომა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტში განვიტარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო მძიმე შეცდომა. სიმბოლოებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ხშირ შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ხედავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებულ რუსეთის დუმის დეპუტატს და მისი პოზიციებიც ვიცით წარსულში გახმოვანებული, ამაზე მძიმე სურათი შეიძლება არც იყოს. ამ სიმბოლოსაც ბუნებრივია ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ჩემი და ჩვენი გუნდის ძალიან ბევრი წევრის მხრიდან, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან და ეს პოზიცია გაიზიარა ბუნებრივია პარტიის თავმჯდომარისგან“, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და პარტიის თავმჯდომარის რეკომენდაცია სხდომის შეწყვეტა იყო.
„მე მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია და მისი რეკომენდაცია იყო სხდომის შეწყვეტა. რაც შეეხება რამდენად საქმის კურსში იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა, გუშინ გვიან ღამით, მეც საქმის კურსში ვიყავი, რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა. ცხელ გულზე არ მინდა განსაკუთრებული, ხისტი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ რეალურად, პირადად ჩემთვის, ძალიან მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახე. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციაზე დადგა, ნახეთ მათი „ფეისბუქის“ სტატუსები, ნახეთ ჩვენი განცხადებები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს რუს დეპუტატს დარღვეული, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულობას ქმნიდა და გუშინაც ჩანდა განცხადებებში. ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მამუკა მდინარაძის თქმით, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს.
„მართალია, ის, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ შორის, ჩვენც უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე. ამასაც სრულებით ვიზიარებ და მე რომ ადეკვატური და გულწრფელი ვიყო, მე ეს უნდა ვილაპარაკო. ჩვენი ინფორმაცია იყო ასეთი, რომ ბერძენი სპიკერი წაიყვანდა სხდომას, რომელიც ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანია. გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს ვიღაცა რუს დეპუტატს დარღვეული, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულობას ქმნიდა და გუშინაც გვეტყობოდა ეს უხერხულობა ჩვენს განცხადებებში, მაგრამ დღეს რომ წამოსკუპდა და საოცარ განცხადებებს აკეთებს, ჩვენი მტერი პირდაპირ ვთქვათ, ეს ყოვლად მიუღებელია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.