მამუკა მდინარაძე - კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური შეხება 2013-2014 წლიდან აღარ აქვს, მასთან ხელშეკრულება არ არსებობს, ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კოკა ყანდიაშვილს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური შეხება 2013-2014 წლიდან აღარ აქვს.
როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და ასევე, ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ბოტებისა და ტროლების ქარხნის ნარატივი გვახსოვს და კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებით სპეკულირება ერთხელ და სამუდამოდ რომ დამთავრდეს, გეტყვით, რომ ამ ადამიანს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლიდან აღარ აქვს. ყველამ იცის და უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ის კიდევ უფრო მეტად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“. ის დიდი ხანია, ოპერირებს ქართულ მედიასივრცეში, სხვადასხვა სააგენტოს წარმოადგენდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ცნობილია, რომ ყანდიაშვილს ჰქონდა სააგენტო „ესპერსონა“ და მედიასივრცეში ოპერირებდა, მაგრამ მას „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალური კავშირი ან რამე ხელშეკრულება არ აქვს. მდინარაძის განცხადებით, კოკა ყანდიაშვილის მიმართ რამე დავალება არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდება.
„ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება და ეს ვერც „ფეისბუქმა“ მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს, თუმცა ვამბობ, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია, ქართულ მედიაში ოპერირებს, მათ შორის, სოციალურ ქსელშიც. ეს ძალიან კარგად ვიცით და სირაქლემას პოზიციაში ვერ დავდგებით, რადგან მხარდაჭერას აცხადებს გარკვეულ შემთხვევაში. „პანდას“ შემთხვევა იყო, როცა საქართველოს პარლამენტის მიმართ იყო გარკვეული შტურმი და გაკვირვებას გამოვხატავდით, რადგან თუ ეს გარკვეული ჯგუფები მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“, ასეთ წერტილოვან დარტყმებს რატომ ახორციელებდნენ სახელისუფლებო შტოების მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, კოკა ყანდიაშვილთან რამე ხელშეკრულება, ოფიციალური კონტაქტი არ არის და ასეთი მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება.
„ასეთი ვერ მოიპოვა ვერც „ფეისბუქმა“. „ქართულ ოცნებას“ კოკა ყანდიაშვილთან 2013-2014 წლის შემდეგ ოფიციალური კონტაქტი არ ჰქონია, მათ შორის არც არაოფიციალური კონტაქტი. თუ არაოფიციალურ კონტაქტში ჩათვლით იმას, რომ ის მხარდაჭერას გამოხატავდა „ქართული ოცნების“ მიმართ და „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების მიმართ ბრძოლით გამოირჩეოდა, კი ბატონო. სხვა არაოფიციალურ კონტაქტს ვერ დაგიდასტურებთ“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.
„ფეისბუქის“ მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებსა და მედიაკომპანია „ესპერსონასთან“ დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.