მამუკა მდინარაძე - კითხვარის გადმოცემა ისტორიული ფაქტია, არ დავუშვებთ, ოპონენტების მავნებლური პოლიტიკა გახდეს საფუძველი, რომ ვიღაცამ ამ გზაზე რაიმე შემაფერხებელი მოქმედებები განახორციელოს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემა ისტორიული ფაქტია.
მისივე თქმით, ასეთ დროს ხელისუფლებისა და ქვეყნის გამიჯვნა მავნებლობაა.
„საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა არის ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად ნათელი ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. ეს არის მორიგი საფეხური, როცა ვცდილობთ, ბუნებრივ ოჯახს დავუბრუნდეთ. ამ დროს ხელისუფლებისა და ქვეყნის გამიჯვნა ცალკე მავნებლობაა და ოპოზიციის პიარსტრატეგიაში ჯდება. ორი გამოწვევის წინაშე ვართ – გავიმყაროთ პოზიცია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და ცივილიზებული სამყარო ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველო მოწინავეა. საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე. სამწუხაროდ, მეორე გამოწვევაა ქვეყნის შიგნით ცრუ ნარატივთან ბრძოლა, რომ ეს ასე არ არის. არ დავუშვებთ, ოპონენტების მავნებლური პოლიტიკა გახდეს იმის საფუძველი, რომ ვიღაცამ ამ გზაზე რაიმე შემაფერხებელი ეფექტის მქონე მოქმედებები განახორციელოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.