მამუკა მდინარაძე - ხვალ მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას
ხვალ მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, შეხვედრა 19:00 საათზეა დაგეგმილი.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არცერთ პერსონაზე არ ყოფილა საუბარი და მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელეს.
„სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომელსაც ესწრებოდნენ ბიუროს წევრები უმრავლესობიდან და პრემიერ-მინისტრი. გადავწყვიტეთ, რომ ხვალ მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც, პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და მას შემდეგ, რაც სამინისტროების სტრუქტურულ ცვლილებებზე იქნება გადაწყვეტილება, იქნება კონკრეტულ მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, გუნდში იქნებიან ახალი სახეები, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს არის პრემიერის პრეროგატივა.
„რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას – დღესაც კი, საბოლოოდ ამ თემაზე საუბარი არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდეა ეს კონსულტაციები გასული. ამაზე ვისაუბრებთ ხვალინდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ, სავარაუდოდ, ალბათ შევჯერდებით 11 სამინისტროზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თემას, მისი თქმით, ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა არცერთი ფუნქციური დამატების შესახებ მსჯელობა არ ყოფილა.
„რჩება იგივე ფუნქციები, იგივე სტრუქტურა, რაც ზოგადად ნებისმიერ სამინისტროს ახასიათებს. საუბარია ამ შემთხვევაში დარგის მენეჯერებზე, დარგის ხელმძღვანელებზე, რომელიც იქნებიან კონკრეტული სამინისტროს ქვეშ და რომელ ფუნქციასაც დღეს ასრულებენ მოადგილეები. არაფერი არ იცვლება ამ მიმართულებით, უბრალოდ, მოადგილეები უხელმძღვანელებენ თითოეულ დარგს ცალ-ცალკე“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.