მამუკა მდინარაძე - ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება, ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით
ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება და ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით, ეგ არის სულ თავი-ბოლო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განუცხადა.
„სქემა არის გაშიფრული. გუშინდელი პერფორმანსი იყო ელენე ხოშტარიას კომპლექსებიდან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, უკვე ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს პერფორმანსი განახორციელეს, ორი ადამიანი იყო ამის შემოქმედი, ერთი თანმხლები პირი, ერთი თავად ქალბატონი. რა ფორმით, როგორ იყო ისე, რომ შშმ ბავშვებს ყურებზე ხელების მიჭერა მოუწიათ და რა აკადრეს შშმ ბავშვებს, ეს ცალკე საკითხია. მეორე – ის ადამიანი, რომელიც მას ახლდა, რამდენიმე დღის წინ იყო პარლამენტის წინ კარვის გაშლის ორგანიზატორი და თუ არ ვცდები, ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული – ვინმე ბეჟო, თუ სახელი არ მეშლება. ეს ადამიანი იყო ე.წ. აღშფოთებული სტუდენტიც, რომელიც სხვებთან ერთად დახვდა რუბლებით უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძეს და 36 წლის ყოფილა, როგორც გავარკვიეთ. ეს ადამიანი იყო გუშინდელი პერფორმანსის მომწყობებთან ერთად. ანუ ერთი და იგივე ადამიანი სამივე შემთხვევაში, დაკავშირებული ელენე ხოშტარიასა და „ფორმულასთან“. ანუ ხოშტარიას კომპლექსებზე მიდის პერფორმანსების დღის წესრიგის აგება და ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით, ეგ არის სულ თავი-ბოლო. იკრიბებიან იმ ადამიანის რესტორანში, „ეზოში“ და იქ იდგმება ეს უნიჭო სცენარები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.