მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე დასამალი არაფერი გვაქვს და ხელის დაფარებას არავისზე ვაპირებთ
მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე დასამალი არაფერი გვაქვს და ხელის დაფარებას არავისზე ვაპირებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს და ხელის დაფარებას არავისზე აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხივე საქმის მასალების მიღებას სასამართლოდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.

„ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, დავიგეგმოთ, სხდომა რამდენჯერ ჩავატაროთ. ჩვენ მუშაობა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მოგვიწევს. მასალების გაცნობის შემდეგ, კონკრეტული გეგმის შედგენაც შეიძლება. ძალიან იშვიათია პრეცედენტი და შემთხვევა, როცა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება და ხელისუფლება ბედავს, რომ ასეთი კომისიის უმრავლესობაში და ხელმძღვანელად ოპოზიცია იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დასამალი არაფერი გვაქვს და ხელის დაფარებას არავისზე არ ვაპირებთ. ზუსტად ისე მოვიქცევით და ზუსტად იმას ვიტყვით, რაც კომისიის მუშაობის შედეგად რეალურად გამოიკვეთება. ეს რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს მართალ-მტყუანი, არ ვაპირებთ, ოდნავ გადახვევით ერთი სიტყვის თქმასაც კი”, – განაცხადა მდინარაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო პირველი კომისიის სხდომა დღეს გაიმართა.