მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეების თავდაპირველი გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია არ განსხვავდება დაკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისგან
მოწმეების თავდაპირველი გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია არ განსხვავდება დაკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისგან, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქმეში მოწმეთა ნაწილის დაკითხვის ოქმები არ არსებობს.
„ჩვენ ვსაუბრობთ ახალ კითხვებზე, ახალ გამოწვევებზე ამ საქმეში, მათ შორის ერთ-ერთი შემიძლია დავასახელო, რატომ არ იყო ფორმალური მხარე გამართული, როდესაც მოწმეების უმრავლესობას დაელაპარაკა პოლიცია, გამოკითხა და მიიღო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შემდგომ იმ ინფორმაციისგან, რომელიც ოფიციალურ დაკითხვის ოქმებში აისახა, არ განსხვავდებოდა, ბოლო მოწმემაც ეს დაადასტურა, ჩვენ ეს კითხვები მაინც გვაქვს და ამაზე ამომწურავი პასუხები უნდა მივიღოთ პოლიციის წარმომადგენლებისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ სამ მთავარ საკითხზე საზოგადოებაში არსებული კითხვები, რაც შეეხებოდა მირზა სუბელიანს, ფარდულის დანგრევის თემას და დანას, პრაქტიკულად ამოწურულია, თუმცა კვლავ გრძელდება შემოწმება ამ კითხვებთან დაკავშირებით.