მამუკა მდინარაძე - ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე გეგმავს, მხარდამჭერებთან ერთად შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას
მინდა, გამცნოთ „ნაცმოძრაობის“ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე გეგმავს, მხარდამჭერებთან ერთად შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ადამიანი წაგებასაც და დამარცხებასაც ღირსეულად უნდა შეხვდეს და მოუწოდა მოქალაქეებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს და „სულელურ ზრახვებს“.
„იცით, რომ პრაქტიკულად არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვიმარჯვებთ 20-ვე საარჩევნო ოლქში, 20-ვე მუნიციპალიტეტში, მაგრამ ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. ალბათ ეს არ იქნება იმდენხნიანი პროცედურა, როგორც წინა შემთხვევაში, რადგან ერთ ბიულეტენზეა საუბარი და რიგ შემთხვევებში, ორ ბიულეტენზე. დარწმუნებული ვარ, უფრო მალე დათვლის ცესკო.
ახლა მე თქვენ მინდა, გამცნოთ „ნაცმოძრაობის“ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათ შორის, პირველი ინფორმაცია, რომელი ჩვენთან შემოვიდა, არის ხელვაჩაურიდან, სადაც თუ არ ვცდები მიშა ბოლქვაძე, მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ გეგმავს, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას. ვაფრთხილებ ყველას ძალიან მკაცრად, ნურავინ ეცდება ასეთ სიგიჟეებს. წაგებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა და დამარცხებასაც. მართალია, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამარჯვებული და დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობს. ყველა გამარჯვებულია, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც გამარჯვებულები არიან, რადგან ისინი იცხოვრებენ რეალურად ისეთ ქვეყანაში, რომელიც მართლაც პროგრესისკენ მიდის, ევროპისკენ მიისწრაფვის, რომელშიც სტაბილურობა და სიმშვიდე იქნება, მომდევნო წლების განმავლობაში იქნება განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ამიტომ მათაც ვულოცავ.
ვთხოვ ყველას, ნუ აჰყვებიან ამ სულელურ ზრახვებში, იქნება ეს მიშა ბოლქვაძე თუ სხვა ადამიანი, რომელიც ასევე პროვოკაციას გადაწყვეტს, წყნარად, მშვიდად შეეგუონ იმ მარცხს, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ამ არჩევნების მეორე ტურში იწვნია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ახალგაზრდები ამ რაოდენობით არასდროს ყოფილან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და აღნიშნა, რომ მათ შეიტანეს ერთ-ერთი გადამწყვეტი წვლილი გამარჯვებაში.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს. წინა წლებში, ამ მასშტაბით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია და ახალგაზრდები არასდროს ყოფილან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ შეიტანეს ერთ-ერთი გადამწყვეტი წვლილი ამ გამარჯვებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.