მამუკა მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე - ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს
მამუკა მდინარაძე პროპორციულ სისტემაზე - ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს

ჩვენი ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესრულების, კერძოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დესტრუქციული ძალები გულწრფელი პროტესტის გამოყენებას ცდილობენ, თუმცა ხელისუფლება გულწრფელი პროტესტის მქონე მოქალაქეებს მოუსმენს.

„აქციაზე დგანან და იდგნენ შეიძლება, 99 პროცენტიც გულწრფელი ადამიანებისა. ხალხი იმ სურათს აპროტესტებდა, რომელიც ჩვენვე გავაპროტესტეთ. პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებიც აღგვაშფოთა ფაქტმა, რომელიც პარლამენტში ვიხილეთ, იმ სიმბოლურმა ცუდმა ფაქტმა. ამაზე რეაგირებაც მოვაყოლეთ. იმავე დღეს საქართველოში აღარ იყვნენ რუსი დეპუტატები. მეორე მხარეა პოლიტიკური მოთხოვნები და მეორე მხარეა ის, რომ ამ გულწრფელი პროტესტის დროს დესტრუქციული ძალები ცდილობენ, გამოიყენონ სათავისოდ პროტესტი, მოასხდნენ ამ ნარატივს და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაატარონ. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის საფუძველი სხვა იყო და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოარგეს თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნები, მმართველი გუნდი ფიქრობს ყველაფერზე.

„ერთი მოქალაქის მოთხოვნაც რელევანტურია თუ ის გულწრფელია. მეორე საკითხია, რა შუაშია ფაქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა უკვე აიღო თავის თავზე პარლამენტის თავმჯდომარემ. მე ვერ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს. ხვალ პარლამენტში იწყება ახალი სამუშაო კვირა. ჩვენ ნებისმიერ თემას გავდივართ, ვმსჯელობთ. წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.