მამუკა მდინარაძე - ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ახლა მიდის ზრუნვა, რომ მესამე აგენტურულმა პარტიამ გადალახოს ბარიერი, მეორე გადალახავს თუ არა, ესეც არ იციან ზუსტად
მიდის ზრუნვა იმაზე, რომ მესამე ოპოზიციურმა, აგენტურულმა პარტიამ იქნებ გადალახოს ბარიერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს მამუკა ხაზარაძისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ. კითხვაზე, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციაში ახალ კონფიგურაციას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ არანაირი ახალი კონფიგურაცია იქ არ არის.
„არაფერი კონფიგურაცია იქ არ არის. უბრალოდ, რასაც დაავალებენ, იმას ამბობენ, იმას აკეთებენ, წვალობენ. რაზე? – ერთი საკითხია მთავარი. აქ გამარჯვებაზე კი არ აქვთ თავადვე ილუზია, როგორ გადალახონ ბარიერი, ამაზე მიდის ახლა მათი მხრიდან სერიოზული შფოთვა და წვალება. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რამენაირად ორმა-სამმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი, რომ შემდეგ პარლამენტის შიგნიდანაც… გარედან ისედაც აპირებენ, წინასწარ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქციები მათი მხრიდან აუცილებლად იქნება, მოგონილი, ყალბი, ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი, სახელად „არჩევნები გაყალბდა“. აი, ეს პროექტი იქნება, წინასწარ გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ და რაც შეიძლება, მეტმა პარტიამ უნდა გააპროტესტოს პარლამენტის შიგნიდან. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძეს საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.
„ვიღაცები დაიმატა და ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა. შესაბამისად, ახლა მიდის ზრუნვა იმაზე, რომ მესამე პარტიამ რამენაირად გადალახოს ბარიერი. მეორე გადალახავს თუ არა, ესეც არ იციან ზუსტად და მესამე ოპოზიციურმა, აგენტურულმა პარტიამ იქნებ გადალახოს ბარიერი. მეტი ახალი ამბავი მათ კონფიგურაციებში არაფერი ხდება. უბრალოდ, ისინი ცდილობენ ბარიერის გადალახვას და ეს ყველაფერი ხდება დავალების შესაბამისად. რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე იზამენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.