მამუკა მდინარაძე - ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება, ახლა ხაზარაძე ადამიანებს ჰპირდება მოსკოვში გადასახლებას
მამუკა მდინარაძე - ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება, ახლა ხაზარაძე ადამიანებს ჰპირდება მოსკოვში გადასახლებას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში, მე როგორ გავაგდებ, პროკურორი კი არ ვარ, ეს არის პოლიტიკური გზავნილი“.

მდინარაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ახსენებს პროკურორს, რაც მიუთითებს, რომ თავის განცხადებაში ხაზარაძე გულისხმობს სწორედ რეპრესიებს და, რეპრესიების სახით, მოსკოვში გადასახლების დაპირებას გასცემს.

„საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ, იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით და როგორც ჰყვებიან, ხაზარაძეც მათ რიგში იყო. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება. ალბათ გახსოვთ ციმბირში გადასახლება. ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა ისე, რომ ცხოვრების პირობები უკეთესი შემოგვთავაზა. ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. ამის დასტურად შემიძლია, მოვიტანო ის ამბავი, პროკურორს ახსენებს. წარმოიდგინეთ, ქვეცნობიერში რა უდევს ამ ადამიანს. მე არ ვარ პროკურორი, ანუ პროკურორის საქმეაო. როდესაც ადამიანს კითხვას უსვამ, რატომ იქნება მოსკოვში ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილზე სპეკულირებს, მამუკა მდინარაძეზე თუ თქვენზე, ის ხომ ამით იმუქრება? ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ის „ნაცმოძრაობაა“ და ამიტომ რეპრესიები უნდა განახორციელოს. ამ კონტექსტში ამიტომ ახსენებს მისი ქვეცნობიერი პროკურორს და ამბობს, მე არ ვარ პროკურორი, რომ ამაზე გიპასუხოთო. გაციმბირების ნაცვლად, ის ადამიანებს რეპრესიების სახით ჰპირდება გამოსკოვებას და მოსკოვში გადასახლებას. წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა და რამხელა ბოღმა, ბოროტება დევს იმ ადამიანებში, ვინც ამას ლაპარაკობდა. „ნაცმოძრაობის“ „ლელო“ იქნება თუ გახარიები, ისინიც გამოირჩევიან ამ კომკავშირული აქტივიზმით, თუ გნებავთ, ნებისმიერმა თქვენგანმა ჰკითხეთ, თუ რეპრესიებზე არ არის საუბარი, სხვა შემთხვევაში რა შუაშია პროკურორი? რატომ უნდა ახსენო პროკურორი, თუ საკუთარი ქვეცნობიერი არ გამხელს ამაში?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.