მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - სჯობს, კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცეს, ასეთ შემთხვევაში აღარ რჩება აღარც კამათის, არც უხერხულობის, არც არაფრის სივრცე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების მორიგ განცხადებასთან დაკავშირებით დეტალური საუბრისგან თავს იკავებს და მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი ამ დოზით გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება და სწორედ ეს არის „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატთან ერთადერთი სადავო საკითხი.
„ჩვენი პოზიცია არაერთხელ გახმოვანდა ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ ერთადერთი სადავო საკითხი, ერთადერთი საკითხი, რაც იწვევს ჩვენს შეუთანხმებლობას, არის ინფორმაციის გასაჯაროების დოზირება. მაშინაც, როცა მათ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვეს და დღესაც, მიგვაჩნია, რომ არ არის აუცილებელი ამ დოზით გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება, თუმცა მათ თავისი გზა აქვთ. იმისთვის, რომ მათ არ შეექმნათ გარკვეული უხერხულობები ფრაქცია „ქართული ოცნებისთვის“ და პარტია „ქართული ოცნებისთვის“, მათ დატოვეს ფრაქცია და პარტია, მათ შორის საპარლამენტო თანამდებობები. ამიტომ მე დეტალებში, განსჯაში, ამ დოზით უნდა აკეთებდნენ, არ უნდა აკეთებდნენ, არ შევალ. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია, დავადასტურო, რომ ისინი არიან უმრავლესობის წევრები და ამ საკითხებზე ჩვენ მათ მაგივრად არ ვაპირებთ დეტალურ განმარტებებს.
წერილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნისგან, მთავარი სტრატეგიული ქვეყნისგან დაფინანსება არის 6 მილიარდი, მათ გამოითხოვეს გარკვეული ინფორმაცია და ისინი ამბობენ, რომ სინამდვილეში არის 4.5 მილიარდი, საიდანაც 3.5 მილიარდი არის ჩარიცხული, ფიზიკურად ამ ქვეყანაში შემოვიდა 3.5 მილიარდი დოლარი, აქედან პირდაპირი დახმარება, და არა „ენჯეო“ სექტორს რაც მოხმარდა და ა.შ. იყო დაახლოებით მილიარდი. მათი საქმეა, ისინი ამ ინფორმაციას ამგვარად გაასაჯაროებენ, თუ არ გაასაჯაროებენ. მე ამაში სიღრმეში ვერ შევალ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება არსებულ კითხვებზე მკაფიო პასუხების გაცემა.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთ საკითხებზე საუბარი გვირჩევნია კულისებში და არა საჯაროდ. ყოველ შემთხვევაში, ამ აზრში ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მე რომ ამაზე ამ სახით დეტალური პასუხის გაცემა მდომებოდა, მათთან ერთად ვიქნებოდი, მაგრამ ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ. შესაბამისად, ამ დეტალებში ვერ შევყვები. შეგვიძლია, ზოგადად დაგიდასტუროთ, რომ ყველა ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები. ამ ინტერესებზე დეტალურად რომ გავაგრძელოთ საუბარი, ბევრ უხერხულობას წავაწყდებით იქ და საჯაროდ გამოტანის შემთხვევაშიც, გარკვეული კითხვები ჩნდება ამასთან დაკავშირებით. როცა კითხვები ისმება, ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები ასეთ საკითხებზე მსჯელობის საშუალებას უფრო ნაკლებად დატოვებს. ადრეც იყო ჩვენი რჩევა ჩვენი მეგობრების მიმართ, პირადად არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, რომ კითხვებზე მკაფიო პასუხები არის გაცილებით უკეთესი, რადგან იქ აღარ რჩება აღარაფრის სივრცე, აღარც კამათის, აღარც უხერხულობის, თუ არაუხერხულობის, სჯობს, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები იყოს.
ჩემთვის პირადად, ვინც არ უნდა იყოს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, პირდაპირ შეურაცხყოფა, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი იქნება, თუ სხვა არჩეული დეპუტატის მიმართ, არის მიუღებელი. რაც უნდა არ მოსწონდეს ვინმეს რაღაც ინფორმაციის ამგვარად გამოტანა ან არგამოტანა, მიუღებელია, წარმოუდგენელია, არ შეიძლება, რომ მათზე იერიში პირდაპირ მიიტანო პირადი შეურაცხყოფის დონეზე. ამ საკითხებზეც გვერჩივნა, რომ კულისებში გველაპარაკა, თუმცა ჩვენც ხანდახან იძულებული ვხდებით, გარეთ ვილაპარაკოთ, თქვენც გიპასუხოთ და საზოგადოებასაც, ნაწილზე რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ და ეს ადამიანები საუბრობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.