მამუკა მდინარაძე - კატარში პრემიერის გამოსვლა იყო სამაგალითო, როგორ შეიძლება გამოხვიდე ეროვნული ინტერესებიდან, ასეთი მიდგომა მისასალმებელია
მამუკა მდინარაძე - კატარში პრემიერის გამოსვლა იყო სამაგალითო, როგორ შეიძლება გამოხვიდე ეროვნული ინტერესებიდან, ასეთი მიდგომა მისასალმებელია

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, გამოხვიდე ეროვნული ინტერესებიდან, ეს იყოს პრიორიტეტი. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ასეთი მიდგომა მისასალმებელია.

„როდესაც საუბარია, დაასანქცირებს თუ არა, მაგალითად, რომელიმე მიმართულებას საქართველო, პირველ რიგში, მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო ვერ/არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია პრინციპული და უცვლელია. თავის მხრივ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე და სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოების რისკებს, საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ქართველ მოქალაქეებს, მის ეკონომიკურ ინტერესებს, ბუნებრივია, ქართველების და საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს ჩვენ არ გადავდგამთ. ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც კი ჩვენი ოპონენტები ისე წარმოჩენენ, თითქოს ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას, რომელიმე აეროპორტს ან რომელიმე კომპანიას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სანქციებს არ უწესებს სხვას. ალბათ ეს არის მათი მხრიდან ისეთი ყალბი მოლოდინი, რომელიც არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს შეიცავს. ასეთი არ მომხდარა არასდროს. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს და გაიმართოს მსჯელობა, რომ ქვეყანა ან მისი რომელიმე სუბიექტი შეიძლება დასანქცირდეს იმის გამო, რომ ის სხვას არ ასანქცირებს. ასეთი პრეცედენტი წარმოუდგენელია, ქართული საზოგადოების მიმართ ამგვარი ნარატივის შეპარება შეურაცხმყოფელია.

შემიძლია, ბევრი ვისაუბრო თავისუფალ ვაჭრობაზე, რა სამუშაოები მიმდინარეობს და სხვა ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტი წლიდან წლამდე როგორ იზრდება. ეს გაკეთდა, დიახ, ამაზეა საუბარი, ევროპის ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან რა სამუშაოებია ჩატარებული. ბუნებრივია, რომელიმე ქვეყანასთან დამოკიდებულების შემცირებაზე როდესაც არის საუბარი, მათ შორის, გასაგები ამბავია, რომ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება საქართველოს ინტერესია. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს ევროპულ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტს, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, და გახსოვთ რამდენიმე წლის წინანდელი გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ, ყველა ეს ნაბიჯი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში ოკუპანტ ქვეყანაზეა საუბარი, ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. ასეთი ნაბიჯებით ხდება ამ ყველაფრის პრევენცია, სახელმწიფო სხვას ვერაფერს გააკეთებს. სხვასთან უნდა გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები, რათა ვისზეც იყო მანამდე ეკონომიკურად დამოკიდებული, იქ შემცირდეს დამოკიდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.