მამუკა მდინარაძე - კანონის გვერდის ავლა არ მოხდება, დელეგაციის ჩამოსვლის საკითხი დასავლელ პარტნიორებთან ერთად გადაწყდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადებაა ის, ვინმე გაბედავს თუ ვერ გაბედავს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შემოშვებას.
ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე ქართველი ექსპერტების მოსაზრებას გამოეხმაურა, რომ ქართული მხარე ვერ გაბედავს, სერგეი ლავროვი მაისში საქართველოში არ შეუშვას.
მდინარაძის თქმით, საქართველოს თავისი დღის წესრიგი აქვს და ყველა ადამიანი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, ეროვნული თავმოყვარეობა აქვს.
„ეს ერთი მხრივ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გვერდის ავლა არ მოხდება, მეორე მხრივ, ზოგადად დელეგაციის ჩამოსვლა/არ ჩამოსვლის საკითხი გადაწყდება დასავლელ პარტნიორებთან ერთად, მინისტერიალის ფარგლებში“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძე დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„საერთოდ არ მაინტერესებს, ამ საკითხზე რას ფიქრობს გავრილოვი. ეს არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოთავსება პროვოკაციულად მოახერხა, რაც არ იყო ფორმატით გათვალისწინებული. ამას მთელი რიგი მოვლენები მოჰყვა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა გამოიყენეს. მისი ეს მოქმედება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ წაადგა. შევაფასოთ გავრილოვის მოსაზრებები სხვა საკითხებზე მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არაფერს არ ფიქრობს სწორად ოკუპაციაზე, არ მგონია, სწორი იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.