მამუკა მდინარაძე - კანონებიდან გადახვევა საბოლოო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტს არ იძლევა
მამუკა მდინარაძე - კანონებიდან გადახვევა საბოლოო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტს არ იძლევა

ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯი წესრიგი და წონასწორობა ნიშნავდა, რომ მოგონილი კრიზისების დაძლევაც კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იგულისხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც განაცხადა, რომ მალე აღადგენენ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რათა ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება.

„ჩვენო პატივცემულო ოპონენტებო, იცით, რომ კრიზისს გაცილებით მეტად აღიქვამენ, ვიდრე ეს სინამდვილეში არის. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ სპეკულაციური მესიჯებით, ტყუილზე დაფუძნებული ნარატივით, თავისი მედიასაშუალებების მეშვეობით შექმნან გაცილებით დიდი და გადამეტებული აღქმა, ვიდრე სინამდვილეში რამე ხდება, მათ შორის კრიზისთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, ერთადერთი გზაა, როდესაც ხელისუფლება თავისი პასუხისმგებლობისა და ვალდებულების ფარგლებში კანონისმიერი გზებით, კონკრეტული საკითხების გადაჭრას ცდილობს, ეს ვალდებულება ჩვენც კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ირაკლი ღარიბაშვილის მესიჯიც ამას ნიშნავდა – წესრიგი და წონასწორობა, ანუ მოგონილი კრიზისების დაძლევაც კი ხელსუფლების პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.

საკამათო რაც იყო ამ დღეების განმავლობაში ჩვენსა და ჩვენს ოპონენტებს შორის, თუნდაც დისკუსია ჩვენი გუნდის შიგნით, მათ შორის გუშინ, საღამოს პრემიერ გახარიასთან, გულისხმობდა იმას, რომ რა გზით უნდა ვიაროთ – კანონები დავიცვათ და ზედმიწევნით შევასრულოთ ისინი, თუ გარკვეული პოლიტიკური კონტექსტის გადაწყვეტილებები მივიღოთ, რათა კრიზისისა და დაპირისპირების საფრთხეები თითქოს დროებით შევამციროთ. მაგრამ ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ კანონებიდან გადახვევა, საბოლოო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტს, მათ შორის რაც მთავარია, სახელმწიფოებრივს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, არის ერთი მხარე – სიმართლე და მათ შორის მორალი, რომელიც გადის კანონების ზედმიწევნით დაცვაზე, სახელმწიფოებრიობის შეგრძნებაზე და მეორე მხარეს არის გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური კონტექსტით ნაკარნახევი, მაგრამ არ გადიოდეს კანონიერ გზაზე. მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მისი ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.