მამუკა მდინარაძე - კანადაში არა უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა გარუსებისგან იხსნან
კანადაში არათუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმიანება კანადის მთავრობის ინიციატივას „უცხოური აგენტების რეესტრის” შექმნის შესახებ.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონპროექტის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარტნიორებსაც უნდა მიმართონ, რათა „კანადა გარუსებისგან იხსნან“.
„ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!.. ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
კანადის ფედერალურმა მთავრობამ უცხოეთის აგენტების რეესტრის შექმნის მიზნით, საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.