მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე ძალიან სწრაფად ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ „სითი პარკი“ არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. მდინარაძემ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ კახა კალაძე ძალიან სწრაფად ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას.
„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიული თვალსაზრისითაც არანაირი პრობლემა არ ექნება.
კახა კალაძე ძალიან სწრაფად ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას და ეს დაჩქარებული ტემპი უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი.
თბილისელები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ „სითი პარკი“ არასამართლიანად ექცეოდა მოქალაქეებს. როგორც ჩანს, ეს დოკუმენტებშიც აისახა და ამის შემდეგ მიიღო თბილისის მერმა და თბილისის მერიამ ეს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ხელშეკრულება შეუწყვიტოს კომპანია “სითი პარკს”. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. კახა კალაძის განმარტებით, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.