მამუკა მდინარაძე - ჯერ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა არ აქვეყნებენ, ერთიც უპრეცედენტოა და მეორეც
მამუკა მდინარაძე - ჯერ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა არ აქვეყნებენ, ერთიც უპრეცედენტოა და მეორეც

უკვე ექვსი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ და, მაგალითად, „სამართლიან არჩევნებს“ დღემდე არ გამოუქვეყნებია დოკუმენტი, რომელიც მათ შექმნეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით „სამართლიანი არჩევნების“ დოკუმენტიდან მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხმის პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, თუმცა არის ბევრი დეტალი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

„გავიგეთ ჯერჯერობით მხოლოდ ის, რომ მათი ხმის პარალელური დათვლის მონაცემები ერთი ერთში ემთხვევა ცესკო-ს მონაცემებს, მაგრამ იქ არის უამრავი დეტალი, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ისინი ჩადიან უპრეცედენტო რამეს, რომ არ აქვეყნებენ თავიანთ მონაცემებს წინა შემთხვევისგან განსხვავებით. წინა შემთხვევაში გააყალბეს, ახლა საერთოდ არ აქვეყნებენ – მსოფლიოში ერთიც უპრეცედენტო იყო და მეორეც, როდესაც ხმის პარალელური დათვლის მონაცემები ჯერ ყალბდება წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, საერთოდ არ ქვეყნდება, რადგან ასე მიაჩნიათ თურმე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.