მამუკა მდინარაძე - იყო მცდელობა, დმანისში კონფლიქტი ხელოვნურად გადაეზარდათ ეთნიკურ დაპირისპირებაში, რაც დაუშვებელია
მამუკა მდინარაძე - იყო მცდელობა, დმანისში კონფლიქტი ხელოვნურად გადაეზარდათ ეთნიკურ დაპირისპირებაში, რაც დაუშვებელია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დმანისის მოვლენებს ეხმაურება და მადლობას უხდის ყველას, ვინც პრობლემის მოგვარებაში იყო ჩართული.

მისივე თქმით, გარკვეული ადამიანები ცდილობდნენ, ადამიანთა ჯგუფებს შორის კონფლიქტი ხელოვნურად გადაეზარდათ ეთნიკურ დაპირისპირებაში, რაც დაუშვებელია.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგელებს, დეპუტატებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ პრობლემის მოგვარებაში იყო ჩართული.

საბედნიეროდ, პრობლემა აღმოიფხვრა. ძალიან რთული სათქმელია, რომელიმე ადამიანის დაკავება-არ დაკავება ამ პრობლემას გუშინ აღმოფხვრიდა თუ არა.

ყოფითი პრობლემის გამო, შემდეგ ცუდ რამეში გადაიზარდა, კინაღამ ცუდი მასშტაბი მიიღო. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, ეს პრობლემა, ადამიანთა ჯგუფებს შორის კონფლიქტი ხელოვნურად გადაეზარდათ ეთნიკურ დაპირისპირებაში, ეს ელფერი მისცემოდა, რაც დაუშვებელია.

პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს, ასეთ კრიტიკულ და რისკიან სიტუაციებში დადგეს სიმართლის, გადაწყვეტის გზების ძიების მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ ინციდენტი მოხდა, რა დროსაც სცემეს მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ამ დროისთვის დმანისში ვითარება განმუხტულია, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონტროლის მიზნით, ადგილზე რჩებიან პოლიციური ძალები.