მამუკა მდინარაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნა შეიძლება, ცოტა ზედმეტი იყოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გაწვევის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მას არ მაქვს უფლება, ანა დოლიძის თაობაზე მოთხოვნას დაეთანხმოს, ან არა.
„ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის. სამართლებრივი ნიუანსები არსებობს, რაზეც ასეთი ხისტი პოზიცია შეიძლება არ მქონდეს, მაგრამ ზოგადად, ანა დოლიძის სუბიექტური დამოკიდებულება გვინახავს. მან კანონები ძალიან კარგად იცის, მის კვალიფიციურობაში ეჭვი არ მეპარება და იცის, რეგლამენტით შეთანხმების თემებიც, როცა არ შეიძლებოდა, კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ამას მაინც ითხოვდა. ეს სუბიექტურია და გარკვეულ შემთხვევში, სპეკულაციურიც, მაგრამ ამ პოლიტიკური აქტივობისთვის უნდა გაიწვიონ თუ არა, ამაზე პოზიციას არ და ვერ დავაფიქსირებ. შეიძლება, ამის მოთხოვნა ცოტა ზედმეტი იყოს. როცა ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, გამოხატვის თავისუფლება უნდა გავითვალისწინოთ. შეიძლება, ბევრ ადამიანს მიაჩნდეს, რომ სუბიექტურია, პრაქტიკულად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება შეუთავსებელი იყოს, მაგრამ ამაზე დღესვე საუბარი შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს, ან არა. ეს ჩემი შესაფასებელი არ არის, პოლიტიკოსებმა ასეთი ხისტი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. როგორც ცნობილია, მიმართვას ხელს საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი აწერს.