მამუკა მდინარაძე - იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით მისი მისამართით კითხვის დასმა არარელევანტურია.
მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით კრიტიკის ობიექტი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს.
„ჩემი აზრით, უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი და კითხვის ადრესატი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. სულ მცირე ეს არის საფუძველი, რაზეც ჩვენი ლოგიკა უნდა დავაშენოთ. მაგალითად, რომელიღაც მოსამართლეს ან სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებს რომ ჰკითხონ, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ ესა და ეს ადამიანი რატომ აირჩიესო, რელევანტური ხომ არ იქნება? ასევე, ჩემი აზრით, ჩვენთან არ არის კითხვა, რატომ აირჩია სასამართლოში ვიღაცამ ვიღაც, თუკი ჩვენ, ყველანი ვაღიარებთ პრინციპს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, პატივი ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„არამოსამართლე წევრების არჩევას სჭირდება 90 ხმა, რის გამოც შეიძლება იყოს პრობლემა იქიდან გამომდინარე, რომ 90 ხმა უმრავლესობას და ჩვენს ფრაქციას არ აქვს. კონსულტაციები გვექნება და ამ კონსულტაციების შედეგად შევეცდებით, ისინი ავირჩიოთ. ვეცდებით, საერთო პოზიცია რომელიღაც კანდიდატზე შევაჩეროთ და არამოსამართლე წევრების არჩევა იყოს უზრუნველყოფილი. იქიდან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდა და სხვა ფრაქციის წარმომადგენლებმა პარლამენტში მხარი არ დაგვიჭირეს, მათ ვერ ავირჩევთ. თუ ვინმე ილაპარაკებს ულტიმატუმებზე, თუ ამას ამარჩევინებთ, მაშინ დაგიჭერთ მხარს, ეს შეიძლება, ჩიხში შესვლის ერთ-ერთი გზაც იყოს. ჩვენ შევეცდებით, ისეთ კანდიდატებზე შევჯერდეთ, რომელზეც სხვა ფრაქციის წარმომადგენლებიც დაგვიჭერენ მხარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.