მამუკა მდინარაძე - ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“
მამუკა მდინარაძე - ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“

გახსოვთ ყველაზე მძიმე უბანი და ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები, „აირაი“, „ენდიაი“ რამდენჯერ იყენებენ სიტყვა დაძაბულობას. დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული „ნაცმოძრაობის“ „ზონდერები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, აღნიშნული ზონდერჯგუფის შემადგენლობაში ასევე იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელიც.

„ახლა გაგვცეს პასუხი ხაბეიშვილმა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, გვარამიამ, რადგან ეს იყო მათი ერთობლივი ოპერაცია. დაუსვით შეკითხვა, რას აკეთებდნენ ახმეტის მცხოვრებელი ზონდერჯგუფები 30-40-კაციანი შემადგენლობით ისნის საარჩევნო უბანზე. ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში დავაიდენტიფიცირეთ არაერთი ასეთი პირი. მათ შორის იქ იყო ხაბეიშვილის დაცვის თანამშრომელი, მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ბარებში მომუშავე დაცვის თანამშრომლები და ახმეტაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ურტყამდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ უბნის მცხოვრებლებს და ამომრჩევლებს. გამცენ პასუხი, რას აკეთებდნენ ახმეტაში მცხოვრები მოქალაქეები ისნის საარჩევნო უბანზე და იყო თუ არა ეს დადგმული პროვოკაცია, რათა დღეს ეუთო-ს წარმომადგენლებსა და სხვა დამკვირვებლებს ამ თემაზე ელაპარაკათ?“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.