მამუკა მდინარაძე - ის, რაც დღეს ხდება არის „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ
მამუკა მდინარაძე - ის, რაც დღეს ხდება არის „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ

ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომელსაც თავის გეგმაში აქვს მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური სცენარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოდი მე ნუ გამარჩევინებთ იმ ამბავს, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რომელი უფრო გულმხურვალე მომხრეა ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ოპოზიციურ სპექტრში აქვთ ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ამ პრობლემას ჰქვია შეუთანხმებლობა იმასთან დაკავშირებით, შემოვიდნენ თუ არა პარლამენტში. ზოგი რაციონალურად ფიქრობს, ზოგი ემოციებით მართავს საკუთარ ქცევას და სიტყვებს, მაგრამ საბოლოოდ შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ეს არის „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომელსაც თავის გეგმაში აქვს მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური სცენარი და სხვა კონსტრუქციული, ქვეყნისთვის სასიკეთო რეალობის და სიმართლის შესაბამისი სცენარი, მის ინტერესებში უბრალოდ არ შედის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია „სიმართლესთან შეასაბამისობაში რელევანტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

„მიშა ვისი საპირწონეა, უკვე აღარ ვიცი ამ ქვეყანაში. მაგრამ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც სიტყვა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელსაც ასე ატრიალებენ ჩვენი ოპონენტები, რელევანტურია. უცხო ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის, გასაგებია ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ შეეძლო კამპანიაში მონაწილეობა, მაინც აკეთებდა ამას, თავისუფლებაღკვეთილი, ანუ შეფარდებული პატიმრობით ადამიანი, რომელსაც ასევე ამ მიზეზით არ შეეძლო წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, არადა, პრაქტიკულად ლიდერად გვევლინება მთელი ოპოზიციის. ეს არის არალეგიტიმური ერთადერთი რამ, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ ლეგიტიმაციის კონტექსტში. დანარჩენი მათი შიდა საქმეა და მე მგონია, მის ბულინგს არ დაემორჩილებიან და რეალობასთან, სიმართლესთან შეასაბამისობაში რელევანტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც ჰქვია პარლამენტში შემოსვლა და ამომრჩევლის პატივისცემა“, – განაცხადა მდინარაძემ.