მამუკა მდინარაძე - „აირაის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული, ვიდრე წინა წლებში
IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მნიშვნელოვანი მიღწევა იყო საქართველოსთვის, რაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.
„IRI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და პოლიტიკურად კონკურენტული. პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს შეეძლოთ, თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, ხოლო მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა პოლიტიკურ მედიასაშუალებებსა და ინფორმაციაზე. ამასთანავე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, ცესკო-მ გამოავლინა არჩევნების ჩატარების და ამომრჩეველთა ხმის მიცემის უფლების უზრუნველყოფისთვის მზაობა. საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა წესები COVID-19 პანდემიის დროს ხმის მიცემის ალტერნატიული გზების შესახებ, რაც საერთო ჯამში უპრეცედენტო და ცალკე აღსანიშნავი იყო. ეს, დასავლური ინსტიტუტების მხრიდან, კიდევ ერთი მკაფიო პასუხია არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის სრულიად აბსურდულ ბრალდებებზე, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დასკვნა, სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებებთან ერთად, ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ ეს არჩევნები ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს არჩევნების ხარისხს ქვეყანაში და შეფასებებიც შესაბამისი იქნება დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
„რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, აბსოლუტურად გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავთ – სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. არ აქვს არანაირი აზრი ყალბი კამპანიების მოგონებას და წარმოებას. ეს დღეს კიდევ ერთხელ და მორიგ ჯერზე დადასტურდა. შესაბამისად, ამ მძიმე რეგიონული, პანდემიის, ეკონომიკური და რუსული ოკუპაციისგან მომდინარე გამოწვევების ფონზე, იქნებ შეძლონ, უარი თქვან სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე და ყველამ ერთად ვიმოქმედოთ ქართული სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მდინარაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტექნიკური შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.
IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.