მამუკა მდინარაძე - ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს ჩატარდება, ბუნებრივია, მას მხარს დავუჭერთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღევანდელ სხდომაზე გაიმართება.
მისივე თქმით, კენჭისყრამდე დაგეგმილია პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა.
„ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა იქნება დღეს, მაგრამ მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც იქნებიან მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული საზოგადოება მოისმენს, რას აკეთებდა პარლამენტი 2019 წელს. 400-ზე მეტი კანონი მიიღო პარლამენტმა 2019 წელს, რაზეც ჩვენი ოპონენტები არ საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და სტრასბურგის სასამართლომაც გასცა რეკომენდაციები, გელაშვილის საქმე, სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურატურასაც აპროტესტებს ის ხალხი, რომლების არჩეულ გენპროკურორს არც კი ვკადრებ რომ ირაკლი შოთაძე შევადარო. მათ ჰყავდათ ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი პროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანის დასჯააზე, ქონების წართმევაზე და ა.შ.“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი შოთაძეს „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერა ექნება.
„ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არჩევის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.