მამუკა მდინარაძე - როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში კარგად ვერ ამეცადინა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარაში პოლიტიკურ კრიზისს ვერ გამოიწვევს და მას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის დასახელება სიმბოლურად შეუძლია.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, ხუთი წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო ვადაში, მარგველაშვილმა ისწავლა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა უნდა წარადგინოს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ისწავლა, რომ იგივე აჭარასთან მიმართებითაც უნდა გააკეთოს.
„ვფიქრობ, მისი უფლებამოსილების სიმბოლური ხასიათი სხვაგვარად აქვს აღქმული. ვთხოვთ და მოვუწოდებთ, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება და ასევე მისი კომპეტენციიდან გამომდინარე იმოქმედოს, თუმცა არც ისაა პრობლემა, თუ თავის უფლებამოსილებას სხვანაირად წაიკითხავს, როგორც ეს მისი კომენტარებიდან გამომდინარე ჩანს.
არანაირ კრიზისზე საუბარი არ არის, მას არ შეუძლია, აჭარაში კრიზისი გამოიწვიოს. კონსტიტუციაში ეს სიმბოლური ჩანაწერი მხოლოდ იმიტომ არის, რომ ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბმა ბუნებრივად ასახული იყოს. ეს სენსიტიური თემაა და პოლიტიკური სპეკულაციები არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, სწორად კონსტიტუცია ვერ წაიკითხა, სადაც ეს ჩანაწერი ანალოგიურია, საქართველოს
კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის. როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს, პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში კარგად ვერ ამეცადინა”, – განაცხადა მდინარაძემ.