მამუკა მდინარაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე, მეგის ქარდავა საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს.
როგორც მდინარაძე წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ მეგის ქარდავა საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული.
„ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექსტრადირებული“, – წერს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.
მეგის ქარდავა რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა. 2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.