მამუკა მდინარაძე - ინტერპელაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტი ჩვეულებრივი წესით იმუშავებს მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, ჯერ გადასაწყვეტია, მაისის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება თუ არა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
მდინარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადა თუ არ გახანგრძლივდება, პარლამენტი რეგლამენტის სრული დაცვით გააგრძლებს მუშობას, ხოლო შეზღუდვების ნაწილის დატოვების შემთხვევაში, მაშინ საკანონმდებლო ორგანო კვლავ საგანგებო სესიის პირობებში იქნება.
„ჯერ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი 29 მაისს, თუ 26 მაისს, იქნება თუ არა ისევ საგანგებო მდომარეობა, მოხდება ამის ფორმალიზება და გაგრძელდება თუ არა. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად იქნება შემცირებული რისკები, რამდენად იქნება შესაძლებელი აბსოლუტურად ყველა შეზღუდვის მოხსნა იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ საგანგებო ვადის შემდეგაც მოგვიწევს შეზღუდვების ნაწილის დატოვება, მცირე ნაწილისაც კი, ამისათვის შეიძლება, საგანგებო მდომაროების ვადის გახანგრძლივებაც დაგვჭირდეს. მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, ბუნებრივია, რეგლამენტის სრული დაცვით გააგრძლებს პარლამენტი მუშობას, ხოლო თუ შეზღუდვების ნაწილის დატოვება მოგვიწევს, მაშინ იქნება სხვა რეგულაციები. მაშინ საგანგებო სესიის პირობებში ვიქნებით ისევ. პარლამენტი ისევ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, ოღონდ ეს არ იქნება ინტერპელაციასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც, ბუნებრივია, ჩვეულებრივი წესით ჩატარდება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მაგრამ ჩვენ დღეს ჯერ ვერ გავცემთ ზუსტ, კონკრეტულ პასუხს ამასთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რა შეზღუდვების მოხსნის ან დატოვების აუცილებლობა იქნება. აქედან გამომდინარე შემდეგ ნაბიჯებს თავისუფლად განვსაზღვრავთ“, – განაცხადა მდინარაძემ.