მამუკა მდინარაძე - ინფორმაციას იმგვარი ინტერპრეტაცია არ უნდა მისცე, რაც შეიძლება, დამაზიანებელი იყოს ქვეყნისთვის, როგორც ეს გააკეთა „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ
საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც მას სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია, რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა, რუსულად, თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი აბრალებენ საქართველოს ომის დაწყებას, არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს ოკუპანტ ქვეყანას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება და აღნიშნა, რომ ინფორმაციას იმგვარი ინტერპრეტაციის სახე არ უნდა მიეცეს, რაც შეიძლება, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს, როგორც მისი თქმით, ეს გააკეთა „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ.
„შეუძლებელია, რომ ომის თემას არ გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვინც არ უნდა იყო, რომელ პარტიას ან მის მედიასაშუალებასაც არ უნდა წარმოადგენდე, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა, რომ სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ მაგალითად ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილი იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც ეს გააკეთეს „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ და რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე საზოგადოების თვალში, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების დროს, საერთაშორისო მართლმსაჯულებისას სამართლწარმოების დროს ყველა სიტყვას, განცხადებას, ინტერპრეტაციას შესაძლებელია, მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება, იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქართულმა, რომელიმე მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, აბა, რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში, რიტორიკული კითხვა შეიძლება მხოლოდ დაისვას, რაც ეწერა მაგალითად იმ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა? და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება, იქიდან გამომდინარე, რომ იქ ეწერა, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები, რაც არის დადანაშაულება, დაბრალება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ჯარისკაცების იმაში, რაც მათ არ ჩაუდენიათ. უნდა შევთანხმდეთ, რომ არ შეიძლება, მაგალითად საკუთარ ქვეყანას და მაგალითად წინა დღეებში ხდებოდა, ენერგეტიკის სამინისტროს დააბრალო რაღაც, რაც ასევე აწყობს რუსულ მხარეს. ერთი კვირის განმავლობაში ვხედავთ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, ქართულ უწყებას, ენერგეტიკის სამინისტროს ამტყუნებდნენ რუსებთან მიმართებაში. მაშინ საუბარი იყო 200 მილიონიან დავაზე, სამწუხაროდ, დაეკისრა საქართველოს 80 მილიონის გადახდა და დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართული სახელმწიფო ყველა ინსტანციაში ცდილობს ძალების მოსინჯვას, რომ ეს დაკისრებული, გადასახდელი თანხაც არ გადაიხადოს და ეს არ მოხდეს ქართველების ხარჯზე.
ამ შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის ერთ-ერთ ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს აბრალებენ იმას, რაც მას სახელმძღვანელოში არ ჩაუწერია. შეგიძლიათ, წაიკითხოთ სიტყვა-სიტყვით და რაც იქ წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად, რუსულად, თითქოს განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი აბრალებენ ომის დაწყებას საქართველოს, ეს არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ანუ ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ რუსული ნარატივის გატარება არის დაუფიქრებელი მოქმედების შედეგი და არა განზრახ მტრობა.
„როდესაც მედიასაშუალება გამოდის და აქვეყნებს ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტრომ საქართველოს დააბრალა ომის დაწყება, ეს არის იმგვარი ინტერპრეტაცია, რის საშუალებასაც ტექსტი არ იძლევა. წარმოვიდგინოთ სამართლებრივი კამათი. ერთი მოვიგეთ, სხვაც უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველო მართალია ამაში. სამწუხაროდ, ამას ნაცმოძრაობამ ხელი არ შეუწყო, როდესაც გადამალა ისკანდერის ნაწილები და 2012 წლის შემდეგ გახდა მოსაძიებელი ეს ყველაფერი, ანუ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ესეც რუსული საქმე იყო ნაცმოძრაობის მხრიდან, მაგრამ როდესაც წარმოვიდგენთ სამართლებრივი დავის დროს კამათი, რუსულმა მხარემ რომ არგუმენტად დააყენოს ასეთი საკითხი, რომ ქართულ სახელმძღვანელოებშიც კი წერია ასეთი რამ, ჩვენ ხომ შევეკამათებით, რომ არ წერია. რომელი მედიასაშუალებაც ამას აკეთებს, ან ვერ იგებს, რომ მტრობს საქართველოს, ან განზრახ აკეთებს ამას. იმედს ვიტოვებ, რომ ამ რუსული ნარატივის გატარება არის დაუფიქრებელი მოქმედების შედეგი და არა განზრახ მტრობა.
გთხოვთ, შევთანხმდეთ რაღაც თემაზე, რომელიც გამომდინარეობს ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან. ერთი უდიდესი ტრაგედია იყო აგვისტოდან ორი თვის შემდეგ იმ რეზოლუციის მხარდაჭერა, თითქოს ქართულმა სამხედრო ძალებმა კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი, რაც იყო დადანაშაულება და დაბრალება, ამ სიგიჟეს ნუ გაიმეორებთ დღეს ისეთი ჩანაწერით, რომელიც ამის ამგვარ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა და ნუ დავჯდებით რუსულ ნარატივზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საუბარია ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ჩანაწერზე. ტექსტი იხილეთ ფოტოზე.