მამუკა მდინარაძე - ინფლაციის, ლარის დევალვაციის დროს ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, სხვა გზა არ გვაქვს, რომ სამართლებრივად მკაფიო გადაწყვეტილებით გადავჭრათ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხი
ინფლაციის, ლარის დევალვაციის დროს ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, სხვა გზა არ გაქვს, რომ სამართლებრივად მკაფიო გადაწყვეტილებით გადავჭრათ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა, ამით იკეტება შანსები, რომ მალე აირჩნენ ადამიანები, რომლებიც უნდა გაუძღვნენ ეროვნული ბანკის საქმიანობას.
„სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს რიგ ორგანიზაციებს, მაგალითად, ინფლაციასთან, დევალვაციასთან, ფასებთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი. მაშინ, როდესაც საბჭოს ორ წევრს ვადა აქვს გასული, ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსაც მალე გასდის ვადა და პრეზიდენტი იქცევა ისე, როგორც იქცევა, მისი ამ ქცევით იკეტება შანსები, რომ მალე დაინიშნონ, აირჩნენ თავიანთ ადგილებზე ადამიანები, რომლებიც უნდა გაუძღვნენ მერე ბანკის საქმიანობას. სხვა გზა არ გაქვს, რომ სამართლებრივად კიდევ უფრო სწორი და მკაფიო გადაწყვეტით გადავჭრათ ეს პრობლემა. ინფლაცია როდესაც არის, ლარის დევალვაცია მიდის, მაშინვე ხელისუფლებისკენ გამოიშვერენ ხელს და ეროვნულ ბანკში რატომ აწესრიგებთ უფრო მკაფიოდ საბჭოს წევრების არჩევის თემასო, თან გვეკითხებიან და არარელევანტური კითხვებია, ერთზე მადანაშაულებ ან პასუხისმგებლობას მაკისრებ, მაშინ გადამაწყვეტინე, როგორც არის. სწორად გადაწყვეტა არის ეროვნული ბანკის შესაძლებლობა, რომ მართოს მან პროცესები ლეგიტიმურად, ისე, რომ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ეკონომიკური საკითხები სწორად გადაიჭრას, სწორი სავალუტო თუ ეკონომიკური პოლიტიკა იქნეს დალაგებული მათი მხრიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, ვერ დავუშვებთ ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კი განაცხადა: „ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“.