მამუკა მდინარაძე - „იმედზე“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იგივეა, ახლა ვინმე მართლა რომ შევარდეს რომელიღაც ტელევიზიაში და მერე სათავისოდ განაახლოს მაუწყებლობა
„იმედზე“ მიხეილ სააკაშვილის განცხადება იგივეა, ახლა ვინმე მართლა რომ შევარდეს რომელიღაც ტელევიზიაში და მერე სათავისოდ განაახლოს მაუწყებლობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ფარული ჩანაწერების შესახებ სააკაშვილის განცხადებებს შეფასებაც არ სჭირდება, რადგან საზოგადოება ყველაფერს ისმენს.
„მგონი ამას შეფასება არ სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სპეცრაზმი კი შევიდაო, მაგრამ „იმედის“ მაუწყებლობა სამ დღეში აღდგაო. ანუ ეს იგივეა, ახლა ვინმე მართლა რომ შევარდეს რომელიღაც ტელევიზიაში, წამოიღოს ეს ტელევიზია, მერე სათავისოდ განაახლოს მაუწყებლობა და ეს რომ წლების მერე გაყიდოს, რა კარგი რაღაც გავაკეთეო. ნუ არ ვიცი, ამას შეფასებაც არ სჭირდება. ფარულ ჩანაწერებს ყიდის, როგორც დაშვებულ რაღაცას და ასე საჯაროდ არ გამომქონდაო. მართალია, საჯაროდ არ გამოჰქონდათ, უბრალოდ ადამიანების შანტაჟისთვის, ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის, ტერორისთვის აქტიურად იყენებდნენ და ძალიან კარგად ვიცით ეს ყველაფერი.
დღეს ცოტა სხვა რეალობა გვაქვს. დღეს ისინი ყველაფერს ლაპარაკობენ, რაც უნდათ კი არა, რაც შეიძლება ვერ წარმოგვედგინა ვერავის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეაფასოს სათავისოდ, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსაც, და შეიძლება, რომელიღაც ტელევიზიის ჟურნალისტს საავტორო გადაცემა ჰქონდეს და იქ იძახოს, რომ „ქართული ოცნება“ არის მოძალადე მანიაკი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დემოკრატიის შუქურა. საზოგადოება ხომ ისმენს ამ ყველაფერს, თავის შეფასებებს ხომ აკეთებს. საბოლოო ჯამში ყველა მსგავს განცხადებას საზოგადოება სცემს პასუხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, 2007 წელს მართლა შევიდა სპეცრაზმი „იმედში“, მაგრამ ორ-სამ დღეში განაახლა მაუწყებლობა.