მამუკა მდინარაძე  - იმედი მაქვს, ოპოზიცია გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს
მამუკა მდინარაძე  - იმედი მაქვს, ოპოზიცია გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს

იმედი მაქვს, ოპოზიცია პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერს, რადგან ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა ანუ 113 ხმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, კანონში აღნიშნული ცვლილება ევრორეკომენდაციების საფუძველზეა საჭირო, ამიტომ ოპოზიციას მოუწოდა, ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასაც მოვუწოდებთ, მიუხედავად მათი რადიკალური დამოკიდებულებისა ბევრი საკითხის მიმართ, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც შეეხება პროკურორის არჩევნის წესს, ვინაიდან ეს საკითხი და ამ რეკომენდაციის შესრულება გამომდინარეობს იმ ვალდებულებიდან, რომელიც ავიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრების წინაშე ევრორეკომენდაციების შესრულების პირობით. ამ საკითხზე ჩვენ დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ არ იქნა ერთობლივი ძალიან სერიოზული განაცხადი, რომ ჩვენ რეკომენდაციას ვასრულებთ და კონსტიტუციურ ცვლილებას ვუჭერთ მხარს. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენ მხოლოდ ამ საკითხის გატანას ვერ შევძლებთ, რადგან ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა ანუ 113 ხმა. იმედი მაქვს, ისინი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დაუჭერენ“, –  განაცხადა მდინარაძემ.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ეხება, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.