საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, პანდემიაზე.
დეპუტატის თქმით, უკრაინასა და საქართველოს საერთო გამოწვევები, საერთო პრობლემები და საერთო მტერიც ჰყავთ, ოკუპანტის სახით.
„შეხვედრაზე სწორედ ამ თემებზეც ვილაპარაკეთ. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. ჩვენ გვქონდა მეგობრული საუბარი, როგორც ეს ჩვენს ქვეყნებს შეესაბამება. ვერ წარმომიდგენია იყოს დრო, რომ უკრაინა ასეთ მეგობრულ ურთიერთობაში არ იყოს ჩვენთან, როგორც დღეს არის. ვილაპარაკეთ პანდემიასთან დაკავშირებითაც, მისი დაძლევის გზებზეც, მენეჯმენტზეც. ჩვენი უკრაინელი კოლეგა არ არის გამონაკლისი, რომელიც აღიარებს, რომ საქართველომ წარმოუდგენელი შედეგები დადო პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა მდინარაძე.
კითხვაზე, შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ვერ იტყვის, რომ ამ თემას ვრცლად შეეხო, თუმცა მისი მხრიდან იყო საუბარი, რომ საქართველოს მეგობარ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც არღვევს დაწერილ და დაუწერელ წესებს.
„კონკრეტული თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე ვერ და არ უნდა ერეოდეს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მისი რეაქციაც ადეკვატური იყო. ვერც ერთ დიპლომატს, ვერც ერთ პოლიტიკოსს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ვერცერთ წარმომადგენელს ამაზე განსხვავებული აზრი ვერ ექნება”, – განაცხადა მდინარაძემ.