მამუკა მდინარაძე - იაპონიის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ვისაუბრებთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი 
მამუკა მდინარაძე - იაპონიის საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ვისაუბრებთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერაზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში დღეს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს იაპონიის წარმატებულ ბიზნესის წარმომადგენლებთან.

მისივე თქმით, ასევე, შეხვედრა შედგება იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა დროსაც უსაფრთხოების გამოწვევებსა და რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრებენ.

„დღეს ვხვდებით იაპონიის ძალიან წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. ასევე ვხვდებით, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს. საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი იქნება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რაზეც ველაპარაკებით ყველას, ყველა პარტნიორს. დღეს ამ შესაძლებლობას ტოკიშიოც ვიყენებთ.

რაც შეეხება ბიზნესსექტორს, რა თქმა უნდა, ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ველაპარაკებით ინვესტიციებზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და პოტენციალზე, რაც ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას აქვს. მათ შორის, საუბარია იაპონელ ბიზნესმენებთან მიმართებით, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, რომ მათთვის მეტი ინტერესი იყოს ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.