მამუკა მდინარაძე - იაპონიაში შეხვედრებზე ხაზს უსვამენ, რომ საქართველო არის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ვითარდება მშვიდობიან პირობებში და ინვესტიციებისთვის არის ძალიან საინტერესო
იაპონიაში შეხვედრებზე ხაზი ესმება, რომ საქართველო არის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ვითარდება მშვიდობიან პირობებში და ინვესტიციებისთვის არის ძალიან საინტერესო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ იაპონიაში განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
მისივე თქმით, უმსხვილესი იაპონური კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
„ყველაზე სასიხარულო ის არის, რომ ყველა შეხვედრაზე იმის ხაზგასმა ხდება, რომ საქართველო არის სწრაფად და სტაბილურად განვითარებადი ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც მშვიდობიან პირობებში ვითარდება და ქვეყანა, რომელიც ინვესტიციებისთვის არის ძალიან საინტერესო. ამის ხაზგასმა ხდებოდა იმ ადამიანების მიერ, ვინც იცნობს საქართველოს და ქვეყანაში არსებულ რეალობას, დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. საუბარია უმსხვილეს იაპონურ კომპანიებსა და ბიზნესის წარმომადგენლებზე.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბუნებრივია, მათთან არაერთხელ ვთქვით და ძალისხმევას არ ვიშურებთ საიმისოდ, რომ უფრო გაძლიერდეს მხარდაჭერა დეოკუპაციის პოლიტიკის, უფრო მეტი ხაზგასმა მოხდეს საერთო გამოწვევების, უსაფრთხოების საკითხებზე. ისინი საუბრობენ, რომ საქართველომ შეძლო ამ მიმართულებით იმ გზაზე სწორი სვლა, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება. ესეც მნიშვნელოვანი მესიჯია ჩვენი იაპონელი კოლეგების მხრიდან და ამის დანახვა საფუძველია იმის, რომ სამომავლო პერსპექტივაში ჩვენი ურთიერთობები, სწორი დამოკიდებულება, მათი მზარდი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საინვესტიციო, თუ საპარლამენტთაშორისო გაღრმავების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.