მამუკა მდინარაძე - მადლობა პოლიციას, რომელმაც რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთა
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის დროს მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ბინძურ დესტრუქციას თმენის ვალდებულებით და პროფესიონალიზმით უპასუხეს.
„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის დროს მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს. გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე მათ ესაუბრებიან , პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან, ამ დროს პოლიციელს ასეთ რთულ პირობებშიუწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და მართლწესრიგის დაცვა, რისთვისაც ბუნებრივია, თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ
პოლიციელებს დაცვა არ სჭირდებათ, ისინი თავის თავს და საქართველოს ყველა მოქალაქეს იცავენ. იქ გმირი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ერთი მხრივ, ბინძურ დესტრუქციას მოთმინებით უძლებენ და მეორე წუთში შუბლს ტყვიას უშვერენ. ეს ბიჭები არიან გმირები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.
ქართველი კაცისთვის რთულია იმის მოთმენა, რაც იქ ხდება. ვინც ამას სპეციალურად ახორციელებს, მორალის ზღვარი დაცული არ აქვთ, მაგრამ კანონდარღვევის, მორალის, შეურაცხყოფის ზღვარზე ისე მოქმედებენ, რომ ადმინისტრაციულ დარღვევაში, სისხლის სამართლის სფეროში კარგად არიან გაწვრთნილები. ცდილობენ, პროვოკაციაზე წამოიკიდონ და ამას ვერ ახერხებენ, რადგან პოლიცია დაკომპლექტებულია ერთი მხრივ, გმირებით და მეორე მხრივ, პროფესიონალებით“, – განაცხადა მდინარაძემ.