მამუკა მდინარაძე - ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა არა მხოლოდ აღიქმება, არამედ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებია, რაც, ხშირ შემთხვევაში, ფინანსდება
გვინახავს „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები, ყველა დაფინანსებული იყო გარე აქტორების მიერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები გარე აქტორების მიერ ფინანსდება.
„გამჭვირვალობის მიზანი ერთგვარი თვითმიზანი არ არის. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყნები როდესაც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობას საკუთარ ქვეყანაში და ამას კანონით არეგულირებენ, კანონის განსაკუთრებული მიზანი მხოლოდ საჯაროობა და გამჭვირვალობა არ არის.
საუბარია იმაზე, რომ, გარდა კარგი საქმეებისა, რასაც ენჯეოსექტორი აკეთებს, მათ დააზღვიონ და სხვა საკითხების პრევენცია მოახდინონ. საქართველოში ასეთი საკითხების პრევენცია შეიძლება შეეხებოდეს, მაგალითად, პოლარიზაციას, რადიკალიზაციას, რელიგიური ექსტრემიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას, პარტიების რადიკალურ-რევოლუციური მიზნების დაფინანსებას. ეს არის თანმდევი რისკები, რაც ახლავს ნებისმიერი ქვეყნიდან სამომავლო პერსპექტივაში შემოსული გრანტების დაფინანსებას. პირობითად, ავიღოთ 60-70% თუ ხმარდება კარგ საქმეს, შესაბამისად, დანარჩენი 30%, სავარაუდოდ, ხმარდება ისეთ საქმეებს, რომლებიც მიმართულია არალეგიტიმური მიზნებისკენ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისკენ. მაგალითად, რელიგიური ექსტრემიზმი, საქართველოში ეკლესიის, ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლა, არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა – ეს საქართველოში არა მხოლოდ აღიქმება, არამედ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებია, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება. ბევრჯერ მოგვისმენია, გვინახავს, მაგალითად, „ფრანკლინის კლუბი“, „კანვასი“, ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები, ისინი ყველა დაფინანსებული გახლდნენ გარე აქტორების მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.