მამუკა მდინარაძე - გვინდა, მოვუწოდოთ რადიკალურ ოპოზიციას, მონაწილეობა მიიღონ იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მაინც, ნუ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან
გვინდა, მოვუწოდოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ, არ შემოვლენ სხდომაზე, სადაც ამ საკითხის კენჭისყრა იქნება, ნუ შემოვლენ, მაგრამ მიიღონ მონაწილეობა ამ საკითხის განხილვაში მაინც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საინტერესო იქნება რადიკალური ოპოზიციის არგუმენტები.
„საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ თავისი არგუმენტები, თუ რა არგუმენტები აქვთ იმ ვერსიის და რეალური რელევანტური, სწორი პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, დადასტურებული დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. საინტერესო იქნება, მათი საპირისპირო არგუმენტები. სავარაუდოდ, ისინი გაექცევიან ამ განხილვას, მაგრამ ჩვენ მაინც მოვუწოდებთ, რომ მიიღონ მონაწილეობა განხილვაში, რადგან ერთმანეთს არ ენდობიან და ელემენტარული ნდობა არ აქვთ ერთმანეთის, ნუ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მაგრამ მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში“, – განაცხადა მდინარაძემ.