მამუკა მდინარაძე - გვარამიასგან „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა დაახლოებით იგივეა, ჰიტლერის მთავრობის წარმომადგენელს რომ გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი, ხალხის მოტყუებას ცდილობენ
მამუკა მდინარაძე - გვარამიასგან „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა დაახლოებით იგივეა, ჰიტლერის მთავრობის წარმომადგენელს რომ გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი, ხალხის მოტყუებას ცდილობენ

ნიკა გვარამიასგან „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა დაახლოებით იგივეა, რაც ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს გაეკრიტიკებინა ფაშისტური რეჟიმი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები. როცა ყველაფერი დახშულია, აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის“.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, გვარამია ცდილობს, შექმნას ფონი, თითქოს „ნაცმოძრაობისგან“ დამოუკიდებელია.

„რაც შეეხება საკითხს, რა მიზანს ისახავს, გვარამია იქნება თუ ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს, „ნაცმოძრაობის“ წევრები, მისი სატელიტები იყვნენ თუ საბანკო სექტორიდან არეკეტებდნენ ხალხს – ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ და დღესაც ერთ ჯგუფში არიან. მათ აქვთ საარჩევნო მიზნები. „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი 60%-მდე როცა აქვს, რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის „ნაცმოძრაობას“ და მათ პატარ-პატარა სატელიტებს – დაახლოებით 20%, დანარჩენი 20%, ასე ვთქვათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გარკვეული ზონა, სივრცეა, რისთვისაც ყველა იბრძვის, მათ შორის, ჩვენც და ნიკა გვარამია ცდილობს, ამ 20 პროცენტში რამდენიმე პროცენტზე იმუშაოს, იბრძოლოს. ამ გადაუწყვეტელ, დაახლოებით 15-დან 20 პროცენტამდე ამომრჩეველს უმიზნებს ხაზარაძეც, გვარამიაც. ამაზე მუშაობენ, ცდილობენ, ხალხი მოატყუონ, გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას“ და შექმნან რაღაცა ფონი, თითქოს ისინი „ნაცმოძრაობისგან“ დამოუკიდებლები არიან. როგორ შეიძლება, სერიოზულად ვიმსჯელოთ ნიკა გვარამიას არანაცობაზე? როგორც ვერასდროს ილაპარაკებდა ჰიტლერის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი იმაზე, რომ ისინი ემიჯნებიან ფაშიზმს, ასევე ვერ უნდა ილაპარაკოს ნიკა გვარამიამ, რომ ის ემიჯნება „ნაცმოძრაობას“. ეს მარტივი მოცემულობა გვაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.