მამუკა მდინარაძე - გვარამია, ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ეს ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა
მამუკა მდინარაძე - გვარამია, ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, ეს ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა

გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი – ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ეს ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა.

„სასოწარკვეთილებას გეგმა არ აქვს, სასოწარკვეთილება არის სპონტანური. გულწრფელად ვიტყვი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის დარჩენილი, რომ ფიქრობს, შეიძლება რეალური იყოს ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბება, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ბევრი იფიქროს, რა მოხდა ასეთი, როგორ მომატყუესო. ანუ გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, იქიდან სააკაშვილი და ასე შემდეგ, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. ეს არის ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფა. ვიღაცას რომ აჯერებ, 3 000 ხმა გამიყალბესო, შეიძლება, რაღაც თეორია მოიგონო, რაღაც დაადასტურო, მაგრამ 300 000-ხმიან გაყალბებაზე გველაპარაკებიან. ეს რომ ვიღაცამ მკადროს, სერიოზულად მელაპარაკოს, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. სერიოზულად რომ დამიწყოთ დაჯერება, 300 000 ხმა გაყალბდაო, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს. მათი ამომრჩევლის საქმეა, ასე იგრძნობენ თუ არა თავს, ჩემი საქმე არ არის. დღეს რომ ადამიანს სჯერა, რუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ეს მისი არჩევანია და მას ასე უნდა სჯეროდეს, ეს რწმენის საკითხი და არა – არგუმენტებზე დაყრდნობილი ანალიზის. ასეთი რწმენა აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსი, არგუმენტებით ამას ვერ გაამყარებ. ვიღაცას ასე სწამს და ხმას აძლევს გვარამიას, როგორც პროევროპელს, სააკაშვილს, როგორც პროევროპელს, ამ ქვეყნის მოღალატედ ქცეულ გახარიას, როგორც პროევროპელს, ყველაზე დიდ თაღლითს ამ ქვეყანაში – ხაზარაძეს, როგორც პროევროპელს, მაგრამ მისი საქმეა. მას ასე სჯერა, რწმენაში აქვს გადასული, რომ ეს ხალხია პროევროპელი და რუსი ჰგონია ის, ვინც ევროპის გზაზე დაგვაყენა და მიზანმიმართულად, ბრძოლით, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების, ევროპული ღირებულებების დაცვით მიდის ამ გზაზე, ყველა ეტაპზე შედეგი გვაქვს. ახლა, შეიძლება, ისიც ირწმუნონ, რომ 300 000 ხმის გაყალბება შეიძლება, თან 300 მილიონში კი არა, ორ მილიონში. კი ბატონო, სწამდეთ, ეს მათი გადასაწყვეტია, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, უბრალოდ, ვიღაცამ რომ დამიწყოს მტკიცება, 300 000 ხმის გაყალბება შეიძლება ორ მილიონშიო, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეისთვის დაანონსებულ აქციას, საკითხის შეფასებისას მდინარაძემ აღნიშნა:

„დაგეგმოს, რაც უნდა ის ქნას. მოვუწოდებ თითოეულ მათგანს, რომ ეჯიბრებიან, ვინ არ შევა პარლამენტში, არცერთი შემოვიდეს, საბოტაჟისა და სისულელეების ლაპარაკის მეტს მათგან არაფერს ველოდები. საქმეს მაინც გავაკეთებთ, შემკამათებელი რომ იყოს, ძალიან კარგი, მაგრამ შეიძლება, რომ ეს ფუნქცია საზოგადოებამ აიღოს თავის თავზე. საპარლამენტო ჟურნალისტიკა იმ დონეზეა, რომ ესენი დააბალანსებენ ამ ყველაფერს. წინა ოთხ წელიწადში ერთი ამბავი მაინც გამახსენეთ, მონაწილეობა მიეღოთ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში. არ არის პრობლემა საერთოდ. საპროტესტო აქციები ჩატარდეს, კი ბატონო. ვინმეს თუ სწამს, რომ 40-დან 54 პროცენტამდე შეიძლება გაყალბება, ამაზე ვინმე სერიოზულად თუ ილაპარაკებს, გააგრძელოს ლაპარაკი და იყვნენ ამ რწმენაში“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.