მამუკა მდინარაძე - გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯს გადადგამენ
მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან აქტუალურია დიალოგის საკითხი. გვაქვს გონივრული მოლოდინი და გულწრფელად რომ ვთქვათ, გარკვეული ინფორმაციაც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მდინარაძე ამბობს, პრაგმატული წინადადებები მათ მსჯელობის საშუალებას მისცემთ.
„ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. იცით, რომ ეგრეთ წოდებულ კომპილაციურ დოკუმენტში, რომელიც ექვს სხვადასხვა პუნქტს შეიცავს, არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა შეუძლებელია, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ, შესაძლოა, ამაზეც ვილაპარაკოთ. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშეც შეიძლება მსჯელობა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც უკვე მოქმედებაშია, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.