მამუკა მდინარაძე - გუშინ ოპოზიციის ნაწილმა მოიგონა ტყუილი და პერსონიფიცირებულად თქვა, რომ დაკავებულებზე შეთანხმება შედგა
გუშინ ოპოზიციის ნაწილმა მოიგონა ტყუილი და პერსონიფიცირებულად თქვა, რომ დაკავებულ ადამიანებზე შედგა შეთანხმება. ეს იყო მოგონილი ამბავი, ტყუილი, და ასეთი რაღაცები არ უნდა იკადრო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი სახის საუბარი გუშინ გამართულ შეხვედრაზე არ ყოფილა.
„პოლიტიკოსები არ წყვეტენ ისეთ საკითხებს, რომელზეც მათ გარეთ ისაუბრეს. ასეთ თემებზე საუბარი არ ყოფილა და იმ ადამიანებმა, ვინც თქვეს, თითქოს იყო, მოიტყუეს. რეალურად, ბუნებაში ასეთი საუბარი არ შემდგარა. როდესაც დოკუმენტში იწერება საპირისპირო რამ, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში და მეკითხებით, ხომ არ ჩაერევა პოლიტიკა მართლმსაჯულებაში და ხომ არ შემდგარა რაიმე შეთანხმება, ეს უკვე პარადოქსია, ვინაიდან, პოლიტიკის არ ჩარევაზეა ხაზგასმა შესაბამის დოკუმენტში მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. აქ საპირისპირო არ უნდა მოიტყუო. ეს იკადრეს. საბედნიეროდ, ყველამ არ იკადრა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილმა იკადრა და მოატყუა გუშინ საზოგადოება – როგორც ჩანს, იმის გასამართლებლად, რომ მათ რაღაცას მიაღწიეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მმართველი გუნდი შეუერთდა მემორანდუმს, სადაც ამ საკითხზე იყო ხაზგასმა.
„ჩვენ შევუერთდით მემორანდუმს, სადაც ამაზე იყო ხაზგასმა. არც წარსულში, არც ახლანდელ დროში და არც მომავალში არ იქნება, რომ პოლიტიკა ჩაერევა მართლმსაჯულებაში და ამის დაჯერება უჭირთ ჩვენს ოპონენტებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელს არ აძლევთ. 48 მილიონი ლარის გამფლანგველ ადამიანს ვერ დაერქმევა პოლიტპატიმარი. რაც შეეხება გარეთ გამოშვებას და მის დაკავებას, თქვენი ინტერპრეტაციაა, რომ ეს ადამიანი გასამართლდა ორჯერ. მე გეუბნებით, რომ ორჯერ კი არ გასამართლდა, გასამართლდა სამჯერ, რადგან სამი ინსტანციის სასამართლოა“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შეთანხმებასთან დაკავშირებით მმართველის გუნდის წევრების, მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგობა არ იქნება.
„ბუნებრივია, ისინი წინააღმდეგი არ იქნებიან იმ მთავარი არგუმენტებიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია, რომ კრიზისის რისკი არის პრაქტიკულად გამორიცხული. ისინი სვამდნენ ასე საკითხს, რომ პირობითად, 48-პროცენტიანი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი, გამარჯვებული პარტია ვერ აკომპლექტებდა მთავრობას. ეს რისკი აქ გამორიცხულია; მეორე – მათი მთავარი მოტივი იყო, შერეული სისტემა შენარჩუნებულიყო. მართალია ნაკლები მაჟორიტარებით, მაგრამ შერეული სისტემა შენარჩუნებულია; ასევე მათი მთავარი ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ 2024 წლამდე ოპოზიცია შეეცდებოდა სიტუაციის არევას და არჩევნები უნდა ჩატარებულიყო იგივე შერეული მოდელით. ოპოზიცია ამაზეც დაგვთანხმდა და ვინაიდან სამივე არგუმენტი მისაღებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის დროზე ამის საწინააღმდეგო არგუმენტების გამო არ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციულ სისტემას, ამიტომ პრობლემა აღარ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.