მამუკა მდინარაძე - გულწრფელად მიკვირს, არახამიას რატომ სცალია მაინცდამაინც იმისთვის, საომარ სიტუაციაში ცალკე მიუძღვნას ვიდეორგოლები საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას
მამუკა მდინარაძე - გულწრფელად მიკვირს, არახამიას რატომ სცალია მაინცდამაინც იმისთვის, საომარ სიტუაციაში ცალკე მიუძღვნას ვიდეორგოლები საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას

გულწრფელდ მიკვირს, არახამიას რატომ სცალია მაინცდამაინც იმისთვის, ამ საომარ სიტუაციაში ცალკე მიუძღვნას ვიდეორგოლები საქართველოს და მისი ხელისუფლების კრიტიკას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო სანქციებს თუ არ უერთდება, ამის მიზეზებიც მკაფიოდ აქვს განმარტებული.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, რუსეთის მიმართ სანქციებს არ უერთდებიან მოლდოვა და სხვა ქვეყნებიც, თუმცა მათთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები არ ყოფილა.

„გულწრფელად მიკვირს, როგორც ერთ ადამიანს და არა პოლიტიკოსს, ამ ქვეყნის მოქალაქეს და მგონი, ბევრს გაუჩნდებოდა ეს შეგრძნება, მაგალითად, არახამიას რატომ სცალია მაინცდამაინც იმისთვის, რომ ცალკე მიუძღვნას საქართველოს და მისი ხელისუფლების კრიტიკას ვიდეორგოლები ამ საომარ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც თუ საქართველო არ უერთდება სანქციებს, ამის მიზეზებიც მკაფიოდ გვაქვს განმარტებული. ასევე არ უერთდება მოლდოვა და სხვა ქვეყნები. მათ მიმართ მსგავსი არაფერი გვინახავს ამ დღეების განმავლობაში, და ათასი სხვა არგუმენტი, რითაც შესაძლებელია, ვთქვათ, სხვაც გააკრიტიკო, მაგრამ ამ მიმართულებით მაინც და მაინც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით არის ზოგიერთი მათგანი დაკავებული.

მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები დღეს ისეთ სიტუაციაში არიან, მათ შორის ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე რამე ღრმა დისკუსიაში შესვლას. მხოლოდ ასეთი პასუხით შემოვიფარგლებით, ყველაზე მაქსიმუმ იმიტომ, რომ დღეს არ არის ამის დრო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ხალხს და სადაც კი შევძლებთ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ მხარდაჭერას, ვიქნებით თანაინიციატორები. მაგალითად, რუსეთის მიმართ გაერო-სთან, ეუთო-სთან მიმართებაში იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სადაც ჩვენ თანაინიციატორები ვიყავით, არა მხოლოდ მხარდამჭერები. ასევე გავაგრძელებთ, ასევე გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მათი მხრიდან ეს რაღაცა უცნაური ამბები, აქაც რბილად ვთქვათ, ვერ იქნება ურთიერთობაში ხინჯის შეტანის საფუძველი. დღეს ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ, მაგრამ როგორც ადამიანს, გულწრფელად მიკვირს – როგორც მე ვარ საქართველოში მმართველი გუნდის ფრაქციის თავმჯდომარე, ისევეა ეს ადამიანი და ომი რომ იყოს საქართველოში, ნამდვილად არ მეცლებოდა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების კრიტიკისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.