მამუკა მდინარაძე - გრიგორიადისის მხარდაჭერა, მისი გათავისუფლების მცდელობა არის მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში, ისინი არ დაისჯებიან
ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს უნდათ, ახალგაზრდებს გაუგზავნონ სიგნალი, ცდილობენ, რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ჩართონ საპროტესტო მოძრაობებში და ამ მუხტის აწევაში შეუწყონ ხელი, ახალგაზრდები დარაზმონ ამისათვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, პრეზიდენტის ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდათ, ახალგაზრდებს სიგნალი გაუგზავნონ, რომ კრიმინალში ჩართულობისა და „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენების მიუხედავად, არ დაისჯებიან. მისივე თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ისიც ამ სიგნალის თანამონაწილე იქნება.
„გრიგორიადისის მხარდაჭერა და მისი გათავისუფლების მცდელობა არის სიგნალი, ერთგვარი მესიჯი ახალგაზრდების კრიმინალში ჩართულობის კუთხით და იმისთვის, რომ ასეთი ჩართულობის შემთხვევაში ისინი არ დაისჯებიან. აი, ეს სიგნალი უნდა, რომ გააგზავნოს იმ მავნებლურმა ძალამ, რომელსაც საქართველოში ოპოზიცია ჰქვია. საქართველოს ოპოზიციის მთლიან სპექტრს, რა თქმა უნდა, არ ვეხები, რადიკალური, ომისა და ღალატის პარტიის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, რომელთაც უნდათ, ახალგაზრდებს გაუგზავნონ სიგნალი, ცდილობენ, რომ რაღაც ტყუილებზე დაფუძნებული აღქმებით ჩართონ საპროტესტო მოძრაობებში და ამ მუხტის აწევაში შეუწყონ ხელი, ანუ ახალგაზრდები დარაზმონ ამისათვის. შესაბამისად, სიგნალი და მესიჯი გაუშვან მათთან, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი პოლიციელის ცოცხლად დაწვას მოინდომებს, „მოლოტოვის კოქტეილს“ გამოიყენებს პროტესტის გამოხატვის ფორმად, ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, ეს ადამიანი თავისუფალი იყოს, და თუ ამას საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს, ბუნებრივია, ისიც თანამონაწილე იქნება ამ სიგნალის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.