მამუკა მდინარაძე - გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოსკოვში ხომ არ არის
როცა ოპოზიციას მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი „გაუბაზრდა“, შეიძლება, პოლიტიკური ცეკვები დაიწყოს, ზოგი გამოეყოს, ზოგი გაემიჯნოს, ზოგმა დაგმოს, ზოგმა კი თქვას, არ იცოდით, ეს ადამიანი რუსეთში რომ დადიოდაო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია გაერთიანდა, საერთო მიზნები დასახა და უცებ, გაუმჟღავნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი მოსკოვში აღმოჩნდა.
„მგონი, ზედმეტი კომენტარებიც არ არის საჭირო. შეფასება რომ არ გავაკეთოთ, ხალხი ყველაფერს ხედავს. ის ხალხი, ვისზეც, როგორც ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად ხომ არ არის? – ეს ყველაფერი კიდევ უფრო ლოგიკური იქნებოდა. შეიძლება, ბუნებრივად გასაგები იყოს, რომ ნინო ბურჯანაძე ამბობს, ამ ხალხს ველაპარაკებიო, მაგრამ ეს ვითომ, დასავლეთის მოყვარული, ფსევდო დასავლური ძალები არიან, რომლებიც თავის დროზე ოკუპირებულ ტერიტორიებს აბარებდნენ და შემდეგ რუსეთს „უპრავებდნენ“, დღეს, ამ ადამიანთან ერთად სხედან და საერთო მიზნებს უსახავენ. როგორც ჩანს, გაუჭირდათ და მეზობელ ქვეყანას მიმართეს. ამ ყველაფერს ვერაფრით ახსნიან”, – აღნიშნავს მდინარაძე.
დეპუტატი ამბობს, რომ ზოგადად, გაკვირვებით არავის გაკვირვებია, რომ კონკრეტული ადამიანი მოსკოვში შეხვედრებს მართავს, მაგრამ ასეთი შეხვედრა დიდი ხანია, არ გამართულა და მოსკოვში ჩუმად ვიზიტი მაინც და მაინც ახლა იმართება, მაშინ, როცა დიდი ერთობა შეკრეს, 22 პარტიამ რუსთაველის გამზირზე ექვსი ათასი ადამიანი შეაგროვა, ოც-ოცმა კაცმა წინ და უკან ირბინა.
„ახალგაზრდებს, რომელთაც შეიძლება, გულწრფელი პროტესტის გრძნობა ჰქონდეთ, ამათაც კი ატყუებენ. აღმოჩნდა, რომ თურმე, გერმანულ მოდელზე იტყუებიან და მოდიფიცირებულ ვერსიას, ქართულ მოდელს არქმევენ. თურმე, რუსეთში მოლაპარაკებაზე დადიან. არ მინდა, ჟარგონი გამოვიყენო, მაგრამ გეტყვით, რომ როცა ეს ამბავი „გაუბაზრდათ“, შეიძლება, პოლიტიკური ცეკვები დაიწყონ, ზოგი გამოეყოს, ზოგი გაემიჯნოს, ზოგმა დაგმოს, ზოგმა კი თქვას, არ იცოდით, ეს ადამიანი რუსეთში რომ დადიოდაო და ვერაფერზე ვთანხმდებით ერთის გარდაო. შეიძლება, ისიც თქვან, უნდა შევიკრათ ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ვის წინააღმდეგ, რუსეთი ქართველი ხალხის წინააღმდეგ? ეს არის რეალობა, რომელიც ოპოზიციურმა ერთობამ შემოგვთავაზა. ყველა ვხვდებით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან შეკრული პოლიტიკური ძალების ბრძოლა საპარლამენტო მანდატებისთვის. როგორც ჩანს, ეს მათ ყველაფრის ფასად უღირთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა.