მამუკა მდინარაძე გოცირიძეს - გასაგებია, რომ არაფერი დაგიშავებიათ და ეს ქვეყანა 9-10 წელი ყვაოდა
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანამოქალაქეების მოტყუება არ შეიძლება.
“თქვენ იურისტი არ ბრძანდებით, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეების ასე პირდაპირ მოტყუება მაინც არ გეპატიებათ. გასაგებია, რომ თქვენ თქვენ პოლიტიკურ ლიდერს იცავთ. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენს პოლიტიკურ ლიდერს 9-10 წლის განმავლობაში არაფერი არ დაგიშავებიათ და ეს ქვეყანა ყვაოდა, ადამიანის უფლებები იყო დაცული და ქვეყანა დემოკრატიის შუქურა იყო. ეს ვიღაცეებმა, რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა ადამიანმა მე მგონი, მართლა დაიჯერა. რეალურად ხომ ყველამ კარგად ვიცით, რა ხდებოდა. როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება კი არ არის დანაშაული, დანაშაული არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება გარკვეული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში ამჟამად შედეგის დადგომის შესახებ. ამას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჰქვია. ახლა თქვენ საზოგადოება რაც უნდა არწმუნოთ, რომ ვიღაცამ ვიღაცა შეიწყალა და ამაზე ბრალს უყენებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან განსხვავებით ობიექტური სასამართლოა.
რომან გოცირიძე პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია.
“დედამიწის ზურგზე, არსად არ მომხდარა, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინოთ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა რომა გოცირიძემ.